თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტს, სიცრუეა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებს, ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებას ჰყავს საკუთარი ორგანიზატორი, რომელიც არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და რეგულაცია, რომელზეც ჩვენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ დახმარება, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ამისთვის 3 მილიონი ლარი იქნა მოძიებული”, — განაცხადა კალაძემ.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალა, თუმცა, ეს არ შეეხო საარჩევნო აგიტაციას.