GMC: ცესკომ საარჩევნო კოდექსი დაარღვია და მუნიციპალიტეტებში საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა ვებგვერდზე დაგვიანებით გამოაქვეყნა

532

საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე“.

ცესკოს მიერ შედგენილი საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოიწურა ბოლო ვადა, როდესაც ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გაესაჯაროებინათ.

სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი ვადა და აღნიშნული ინფორმაცია ვებგვერდზე 4 დღის დაგვიანებით – 12 სექტემბრს გამოაქვეყნა.

ვინაიდან საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს შექმნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელს საარჩევნო პროცესზე, „საქართველოს მედია-კლუბი“ მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ზედმიწევნით შეასრულოს საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს თანაბარი საარჩევნო გარემო ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.

——

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.