პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
პრეამბულა
ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, ‒ ვაცნობიერებთ რა მაღალ პასუხისმგებლობას, საქართველოს სახელმწიფოს, მისი მოქალაქეებისა და მათი მომავლის წინაშე;
ვისწრაფვით ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისკენ;
ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, კანონის უზენაესობას, საარჩევნო პროცესის ‒ კანონისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობას;
ვაღიარებთ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა დაპარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას;
ვაცნობიერებთ, რომ წინამდებარე ეთიკის პრინციპებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა და წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიების მიერ კონსენსუსით შექმნილ ქცევის წესების ერთობლიობას;
ვაყენებთ სახელმწიფო ინტერესებს, კერძო და პარტიულ ინტერესებზე მაღლა;
ვადასტურებთ, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური განსხვავებებისა, კეთილი ნებითა და პასუხისმგებლობით შევასრულებთ წინამდებარე ქცევის კოდექსს, რათა წვლილი შევიტანოთ მრავალპარტიული, დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების დამკვიდრებაში, ეთიკური, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო პროცესის წარმართვაში.
ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ზოგადი პრინციპები
1.1. ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, ვიმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის,
კანონმდებლობის, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისა და საზოგადოების
ინტერესების დაცვით;
1.2. პატივს ვცემთ და დავიცავთ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და
ამომრჩევლის უფლებებს;
1.3. საქმიანობას განვახორციელებთ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე;
1.4. არ გამოვიყენებთ სიძულვილის ენას, ქსენოფობიური ან/და მუქარის შემცველ
გამონათქვამებს;
1.5. ხელს შევუწყობთ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, არ მივმართავთ ძალადობას და არც მოვუწოდებთ მისი გამოყენებისკენ;
1.6. წარვმართავთ ინკლუზიურ და წარმომადგენლობით საარჩევნო პროცესს, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა ამომრჩევლისთვის და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეებისთვის;
1.7. საარჩევნო კამპანიის ფინანსური რესურსების ხარჯვას მოვახდენთ გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია
2.1. ვაწარმოებთ საგნობრივ, პროგრამაზე და საკითებზე ორიენტირებულ საარჩევნო
კამპანიას, პატივს ვცემთ კონკურენტების ღირსებას, თავს შევიკავებთ პიროვნული
შეურაცხყოფისგან;
2.2. პატივს ვცემთ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების უფლებას;
2.3. ხელს არ შევუშლით კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას, მათ შორის არ განვახორციელებთ და დავგმობთ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებას და დაპირისპირებას;
2.4. არ გამოვიყენებთ და განზრახ არ გავავრცელებთ უკანონოდ მოპოვებულ ან/და
ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ, არ განვახორციელებთ ცნობების
ფაბრიკაციას და ფალსიფიკაციას;
2.5. არც უშუალოდ და არც დაქირავებული მესამე პირების მეშვეობით არ გამოვიყენებთ ე.წ. „ბოტების“ ქსელს პოლიტიკურ ოპონენტებზე ელექტრონულ სივრცეში პოლიტიკური ან პერსონალური თავდასხმის მიზნით;
2.6. არ გამოვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო პროცესში უპირატესობის მოსაპოვებლად. მათ შორის თავს შევიკავებთ, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური და სხვა სახის ადმინისტრაციული აქტივების გამოყენებისგან, გარდა კანონით ნებადართული შემთხვევებისა;
2.7. საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თავს შევიკავებთ ისეთი საჯარო გამოსვლების, განცხადებების, სააგიტაციო მასალის (მედია, ვიდეო, აუდიო, სოციალური მედია, ბეჭდური) გავრცელებისგან, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, ღალატის, ტერორიზმის, ან სხვა დანაშაულის დაბრალებას, ასევე, რომელიც წაახალისებს სიძულვილს, დაპირისპირებას და კონფლიქტს ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით;
2.8. მედიასაშუალებებს არ მივაწვდით ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების, მათი წევრების შესახებ და საჯაროდ დავგმობთ მედიის ან მედიის ცალკეული წარმომადგენლის ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც შეიცავს მუქარას, ცილისწამებას, ან შეურაცხყოფას ამომრჩევლის ან საარჩევნო სუბიექტის მიმართ.
3. ამომრჩეველთა უფლებების პატივისცემა
3.1. ვთანხმდებით, პატივი ვცეთ ამომრჩეველთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში;
3.2. ვთანხმდებით, რომ ამომრჩეველს მიეცეს ინფორმირებული და თავისუფალი
არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის ან/და შევიწროების
გარეშე;
3.3. ვთანხმდებით, არ შევუშალოთ ხელი ამომრჩეველს საარჩევნო პროცესში
მონაწილეობასა და თავისუფალი ნების გამოვლენაში;
3.4. ვაწარმოებთ ინკლუზიურ საარჩევნო კამპანიას, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც თანაბრად ექნებათ ქალებს, ახალგაზრდებს და მოწყვლად (დაუცველ/ნაკლებად დაცულ) ჯგუფებს;
3.5. არ ვეცდებით ამომრჩევლების ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მოსყიდვას პირდაპირ, ან ირიბად, მესამე პირების გამოყენებით, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით ან/და ასეთი დაპირებით;
3.6. არ ვეცდებით ამომრჩევლების ან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაშინებას, არ განვახორციელებთ ამომრჩევლებზე ზეწოლას ან ძალადობას, ან ასეთი
ძალადობის შესახებ მუქარას. მათ შორის არ განვახორციელებთ არჩევნების
დღეს ამომრჩევლების კონტროლს და თვალყურის დევნებას, არ შევაყოვნებთ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის მიზნით. საჯაროდ მოვუწოდებთ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს შეასრულონ ზემოხსენებული ვალდებულება;
3.7. არ დავუშვებთ ჩვენმა წევრებმა და აქტივისტებმა მიუთითონ ამომრჩეველს ხმის
მიცემის კაბინაში შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების შესახებ; ასევე,
გამოიტანონ ბიულეტენი კაბინიდან საარჩევნო ურნაში მოთავსების გარეშე, მესამე
პირისთვის მისი ჩვენების მიზნით;
3.8. თითოეული ამომრჩევლის, ჩვენი აქტივისტების და მხარდამჭერების
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასაარჩევნო კამპანიის
წარმოებისას ზედმიწევნით დავიცავთ სოციალურ დისტანციას და კორონავირუსის
(Covid19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.
4. შესრულება და მონიტორინგი
4.1. დავნერგავთ და გამოვიყენებთ წინამდებარე ქცევის კოდექსს პარტიის სტრუქტურაში, რეგიონულ ორგანიზაციებში და ყოველდღიურ საქმიანობაში. მივაწვდით ამ ქცევის კოდექსით აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას და შესრულების ინსტრუქციას ჩვენს პარტიულ თანამდებობის პირებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს;
4.2. ვიწვევთ და თანხმობას ვაცხადებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ჯგუფები დააკვირდნენ და შეაფასონ ჩვენს მიერ წინამდებარე დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შესრულება;
4.3. ვთანხმდებით, რომ დავნერგავთ წინამდებარე ქცევის კოდექსის აღსრულებისა და მონიტორინგის შიდაპარტიულ მექანიზმს, რომლის მუშაობის შესახებ ინფორმაციას და გამოცდილებას პერიოდულად გავუზიარებთ დანარჩენ პარტიებს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ეთიკის ნორმების მონიტორინგისა და აღსრულების პარტიათაშორისი მექანიზმის შექმნა;
4.4. პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ წინ აღვუდგებით და დავგმობთ საკუთარი პარტიის კანდიდატების, პარტიული მუშაკების, წარმომადგენლების და აქტივისტების მიერ წინამდებარე ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტებს;
4.5. ვთანხმდებით, რომ არ გამოვიყენებთ სატელიტ სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო საქმიანობისთვის, საარჩევნო
უბანზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების მიზნით; დავით აღმაშენებლის ხეივანი N138, თბილისი 0995 32 251 00 51 www.cesko.ge
4.6. ვაცნობიერებთ კიბერუსაფრთხოების რისკებს და გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს
პარტიის რიგებში ცნობადობის ამაღლების კუთხით, ციფრული და ელექტრონული
საფრთხეების პრევენციის მიზნით;
4.7. ვთანხმდებით ბოროტად არ გამოვიყენოთ საარჩევნო საჩივრების მექანიზმი და
არ შევიტანოთ ყალბი, ფაბრიკაციის შედეგად შედგენილი, უსაგნო და უსაფუძვლო
საჩივრები;
4.8. ვთანხმდებით მშვიდობიანად, დროულად და ურთიერთპატივისცემის პრინციპის დაცვით ვითანამშრომლოთ სხვა პარტიებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების პროცესში წარმოშობილი დავებისა და კონფლიქტების მოგვარების მიზნით;
4.9. ვიღებთ ვალდებულებას, მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება წინამდებარე ქცევის კოდექსში ხსენებული დარღვევების აღსაკვეთად.
პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის დოკუმენტის შექმნას, შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, ფასილიტაციას უწევდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.