“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს თავს არაკომპეტენტურად ართმევს და სრულ პანიკაშია.
კაპანაძის განცხადებით, ის ქმედებები რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმართავს, სრულიად მოკლებულია იურიდიულ საფუძვლებს და ეკონომიკისთვის მორიგი დარტყმის მიყენების მცდელობაა.
„ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვადევნებთ თვალყურს, როგორ არაკომპეტენტურად ართმევს თავს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს. სახეზეა სრული პანიკა მათი მხრიდან. გასაგებია, რომ ინფიცირებული ადამიანების გაზრდილი რაოდენობა არის შემაშფოთებელი, თუმცა როგორც აღმოჩნდა და როგორც ვხედავთ ეს გაზრდილი რაოდენობა უკავშირდება გაზრდილ ტესტირებულთა რაოდენობას. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს ნაკლები ტესტი იქნა განხორციელებული ხელისუფლების მიერ , დღეს 9 000 ტესტი გააკეთეს და აღმოჩნდა, რომ იგივე რაოდენობა არის დაახლოებით დაფიქსირებული, რაც იყო გუშინ და ეს არის გასაღებული, როგორც წარმატება. თუმცა ყველას კარგად გვესმის და ყველას შეგვიძლია ელემენტარული არითმეტიკის გამოყენება და ნახვა, რომ რეალურად სიტუაცია არის არა ისეთი, როგორც მთავრობა ამბობს და არა ისე უნდა იწონებდეს თავს, როგორც ამას აკეთებს.
ამის პარალელურად, გუშინ ვნახეთ ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯები მთავრობის მხრიდან, როდესაც ყველანაირი ახსნა-განმარტებისა და იურიდიული საფუძველის გარეშე კრიმინალური პოლიცია და სამართალდამცავები მიადგნენ თბილისში არსებულ ბარებსა და რესტორნებს და უბრძანეს, რომ დახურულიყვნენ და გაეჩერებინათ მუშაობა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გააჩერეს მათ ეკონომიკა კორონავირუსთან დაკავშირებული არგუმენტებით 2-3 თვის განმავლობაში და უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ეკონომიკას. დღეს რასაც მთავრობა აკეთებს, არის ყველანაირ იურიდიული საფუძველის გარეშე, მორიგი დარტყმის მიყენების მცდელობა ეკონომიკისათვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.