ქუთაისში რუსთაველის ხიდსა და “არგოს” შორის არსებული ადგილი აუქციონზე გაიყიდება

815

ქუთაისი ისტორიულ ნაწილში მშენებარე “არგოსა” და რუსთაველის ხიდს შორის არსებული ადგილი 120 კვ მეტრი აუქციონზე გასაყიდად გამოდის. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

“არგოს მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 100 კვ. მეტრი აუქციონზე გამოვა. რა პრობლემაა, ვერ ვხვდები – თუ “არგო” იყიდის, “არგომ” იყიდოს, ბიუჯეტში ფული შემოიტანოს”, – განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ნატო ქათამაძის პასუხად, რომლის აზრითაც,  ტერიტორიის აუქციონზე გამოტანა “არგოს” მფლობელებისათვის გადაცემის მიზნით ხდება, რასაც ქალაქის მერიც ადასტურებს.

მოხდება თუ არა ადგილზე რაიმეს აშენება,  ეს აუქციონის პირობაში არ ჩაიდება, თუმცა, როგორც ქალაქის მერი თვლის, ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, იქ რაიმეს აშენება გაჭირდება.

“შესაძლოა, მაგიდა დადგან, ან სტუმრებს მოემსახურონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუ ვინმე ფულს დებს, აკეთებს,  ხალხს ასაქმებს, მე არა მგონია, რომ ხელი უნდა შევუშალოთ”- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქათამაძის განცხადებით კი, არჩევნებისათვის ხელისუფლებას მდიდარი ადამიანები ჭირდება და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას სწორედ ამიტომ უწყობს ხელს.  მისივე თქმით  აღნიშნული ტერიტორია “არგოს” მფლობელებს გადაეცემა, რაც თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას ბიზნესია, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი ძალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა დაევალა.

“თავის დროზე საზოგადოების წინაააღმდეგობა გამოიწვია “ოქროს ჩარდახის” მიმდებარედ კაფე-ბარის  მშენებლობისათვის ტერიტორიის გადაცემამ. ამის მიუხედავად, მერიამ პოზიცია არ შეიცვალა და აიგო უსახური შენობა, ახლა კი დარჩენილი ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს, რომელსაც ცხადია, “არგოს”  მფლობელი ნიკა ლატარია შეიძენს. არჩევნებისათვის ხელისუფლებას ჭირდება მდიდარი ადამიანები და მათ კიდევ უფრო გამდიდრებას უწყობს ხელს, პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ… ქუთაისში ყველაფერი იყიდება”, -განაცხადა ნატო ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

წყარო: ნიუპრესი