ნავთლუღში მცხოვრებმა მოსახლეობამ კომპენსაციის მოთხოვნით აქცია გამართა

317

ნავთლუღის 35 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია შპს „ჯიემთი ჯგუფისგან“ კომპენსაციას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივებმა ისნის რაიონში, ნავთლუღის 35 ნომერში აქცია გამართეს. მათივე განცხადებით, მას შემდეგ რაც კომპანია „ჯიემთი ჯგუფმა“ ნავთლუღის 35 ნომერში საცხოვრებელი სახლი ააშენა, დაზიანდა ადგილობრივების საცხოვრებელი ფართი.

ადგილობრივების ადვოკატის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ვიდრე „ჯიემთი ჯგუფი“ ნავთლუღის 35 ნომერში საცხოვრებელ სახლს ააშენებდა, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, დადეს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ადგილზე აშენებული საცხოვრებელი ფართი კარგ მდგომარეობაშია და თქვეს, რომ თუკი რაიმე დაზიანებოდა, ზიანს აანაზღაურებდნენ . ადვოკატის თქმით, ამის ნაცვლად კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ემუქრებიან.

ადგილობრივი მცხოვრების ტატიანა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემის შესახებ მერიასაც მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

„მერიის ზედამხედველობის სამსახური მოვიდა, ნახა ვითარება, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ჩემი სახლი ავარიული გახდა და საცხოვრებლად აღარ გამოდგება. ჩემი მოთხოვნაა, რომ ის ზარალი, რაც ამ მშენებლობით მივიღე, ამინაზღაურონ კომპენსაციას კომპანიისგან ვითხოვ“, – განაცხადა ტატიანა პაპუაშვილმა.