ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
როგორც მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ისე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, 31ოქტომბერს გაიმართება.
საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს მედიას განუცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.
მიქელაძის განცხადებით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ცესკომ არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.
დღესვე, ცესკომ არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის დაადგინა მათ მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.
დღევანდელ სხდომაზე ცესკომ ორივე როგორც საკრებულოების შუალედური ისე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები, რომლებიც ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია.