საქართველოს მედია-კლუბი საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს

1023

საქართველოს მედია-კლუბი საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს.

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებში საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა, უპირველესად, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებებმა გამართულად და საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ.

„საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა, საარჩევნო აგიტაციის შეუფერხებლად წარმართვა ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება. სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, მონიტორინგი გაეწიოს თვითმმართველობების მიერ კანონით მათზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს, შეფასდეს თვითმმართველი ორგანოების საქმიანობა, გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე კი შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ისე საკანონმდებლო კუთხით“, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მედია-კლუბი შეისწავლის, თუ როგორ ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობები საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე და 93-ე მუხლებით დაკისრებულ ვალდებულებას, მათ ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრების, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლად ორგანიზებისა და უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით. მოხდება თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათ ტერიტორიაზე საარჩევნო კამპანიის ჩატარების უზრუნველსაყოფად მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და მათი იმპლემენტაციის მონიტორინგი. შეგროვდება ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისათვის კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის, ადმინისტრაციული რესურსისა და საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტებზე. აგრეთვე, გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისგან, მიმართეს თუ არა თვითმმართველობებს კონკრეტული მოთხოვნით და დააკმაყოფილეს თუ არა მუნიციპალიტეტებმა ეს მოთხოვნა. მოხდება ინფორმაციის სისტემატიზაცია დარღვევების სახეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შეფასდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს შესწავლასა და მონიტორინგს საქართველოს მედია-კლუბი ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.