ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი სამუშაო დახლები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიღო და ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა.
აქციის მონაწილეებსა და ადგილზე მობილიზებულ პოლიციას შორის დაპირისპირებაc მოხდა, მოვაჭრეები ცდილობდნენ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეღწევას, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არავის გაუფრთხილებია. მოვაჭრეები ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობის უფლებას ითხოვენ, რადგან სხვა შემოსავალი არ აქვთ.
ამასთან, ტერიტორიაზე სადაც მანამდე მოვაჭრეების დახლები იყო განთავსებული ამ ეტაპზე სილაა დაყრილი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერიის წარმომადგენლებმა მანამდე მათთან საუბარში აღნიშნეს, რომ აქ წყლის მილების მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მერიის წარმომადგენელი არ მისულა.
გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს მიმდინარე და გასული წლების მანძილზე დროდადრო მართავდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად მათ უკრძალავდა ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას, თუმცა აქციების შემდეგ ისინი ვაჭრობას აგრძელებდნენ.
წყარო: ლაივპრესი