გორის მერიაში ბაშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა

377

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ბაშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა, სადაც დასაქმებული იქნება, როგორც ფსიქოლოგი, ასევე, სოციალური მუშაკი.

“ჩემი ცოლის დაქალების დასაქმებას, საქმე აკეთოთ ხოლმე, ის სჯობს. თითქმის ყოველ საკრებულოზე მერი ითხოვს შტატების დამატებას”, – ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილებაში დამატებითი შტატების დამატებას.

თუმცა, საკრებულოს წევრის პროტესტის მიუხედავად, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდა. უმრავლესობამ მერიაში შტატების დამატებას მხარი დაუჭირა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებიდან ირკვევა, რომ ფსიქოლოგის ფუნქცია იქნება ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობის შესწავლა, შემდეგ კი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

“ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით განახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით მოახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს”, – აღნიშნულია განკარგულებაში.

რაც შეეხება, სოციალურ მუშაკს, მის მოვალეობებს შორის იქნება ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშის შედგენა.

“თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში”, – ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც ცნობილია, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში 2 სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ინსპექტორი იმუშავებს.