ელისაშვილი: თვეზე მეტია, მივმართეთ ცესკო-ს, რომ მოგვანიჭონ ნომერი, როგორც ახალრეგისტრირებულ პარტიას, თუმცა პასუხი არ მიგვიღია

364

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია განზრახ აჭიანურებს დროს და მის პარტიას საარჩევნო ნომერს არ ანიჭეს, რაც მათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლის.

ელისაშვილის განმარტებით, მისმა პარტიამ ნომრის მინიჭების თაობაზე ცესკო-ს 11 აგვისტოს მიმართა, თუმცა საარჩევნო კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

„ჩვენი ხელისუფლება და მისი ყურმოჭრილი დანამატი ცესკო ყველანაირ უკადრებელ წვრილმან ვირეშმაკობას მიმართავენ, რომ ჩვენ ახალ რეგისტრირებულ, ახალ დაფუძნებულ პარტიას შეგვიშალონ ხელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში. თვეზე მეტია, მივმართეთ ცესკო-ს, რომ მოგვანიჭონ ნომერი როგორც ახალ რეგისტრირებულ და ახალ დაფუძნებულ პარტიას და ერთი თვეა, პასუხი არ გაგვცეს, არაფერს გვეუბნებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანაირ ვირეშმაკობას და მამაძაღლობას კადრულობს „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში პარტია „მოქალაქეებს“ სრულფასოვანი კამპანიის წარმართვაში შეგვიშალოს ხელი და შეგვაფერხოს, რათა ადამიანებმა ვერ მოახერხონ ნომრით ჩვენი იდენტიფიცირება და დამახსოვრება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კანონის შესაბამისად, ცესკო-ს პარტია „მოქალაქეებისთვის“ ნომრის მინიჭების ვადა პირველ ოქტომბრამდე აქვს.