სოფელ-სოფელ: სამი ქალი სამიქაოდან და თემისთვის მუშაობის სიხარულის ამბავი

3435

ავტორიანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

სამიქაოში მივდივარ და მიმიხარია. რატომ მიმიხარია? პირველი იმიტომ, რომ სამეგრელოს არც თუ ისე კარგად ვიცნობ და ნებისმიერ ახალ ადგილას მოხვედრა ჩემთვის, როგორც მოყვარული მოხეტიალისთვის, ძალიან, ძალიან საინტერესოა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქ, ამ სოფელში, ქალთა სათემო ჯგუფი მელოდება, რომელიც სოფლისთვის მუშაობს.

რას აკეთებენ? ზუსტად მაგის დასაზუსტებლად და გასაგებად ჩავდივარ ხოლმე ადგილებზე და სათემო ჯგუფების წარმომადგენლებისგან უშუალოდ ვისმენ საინტერესო ამბებს. რად გინდა ჩასვლა, ამ ციფრულ ეპოქაში ამდენი წვალება? ანკეტის შევსება ხომ ელექტრონულადაც შეიძლება და შეკითხვების დასმა კი – ტელეფონითაცო, – არაერთხელ მიმიღია რჩევად. მე კი ამ გზას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავ. სათემო ჯგუფების გაცნობა, მათი გამოწვევების, პრობლემების გააზრება მათსავე საცხოვრებელ და სამუშაო გარემოში გაცილებით ინფორმაციულია. ამა თუ იმ სოფლის მონახულებისა და სათემო ჯგუფის გაცნობის შემდეგ, როდესაც მათი სახელი სადმე შემომხვდება, უცებ იღვიძებს მეხსიერებაში ვიზუალური სურათები და მთლიანი კონტექსტიც გაცილებით ხატოვნად დამიდგება ხოლმე თვალწინ. ასეთი აღქმა მეტად თანამგრძნობს მხდის. ესეც რომ არ იყოს,  საქართველოში მოგზაურობას რა სჯობს? ამ  შესაძლებლობაზე უარს თითქმის ვერასოდეს ვამბობ.

აბაშის მუნიციპალიტეტში სულ პირველად მიწევს მოგზაურობა, გზის გასაგნებად გუგლის რუკას ვიშველიებ. ის კი, ალბათ, ყველაზე ახლო გზას მირჩევს და ცოტა არ იყოს, უცნაური გზებით მატარებს. ცხელი და  ნესტიანი შუადღეა, გარეთ ადამიანის ჭაჭანება არ არის. ასფალტიანი გზა მთავრდება და გრუნტის გზაზე გადავდივარ, რომელიც ძირითად ტრასას და სოფლებსაც უფრო და უფრო შორდება. რუკა ჯიქურ მიმითითებს შერჩეული გზის სისწორეზე. უცებ მიჯრით მიწყობილ ტბებთან აღმოვჩნდი. სანახაობა ისეთი თვალწარმტაცია, მავიწყდება, რომ, პრინციპში, დაკარგული ვარ და თანაც, საქმეზე მეჩქარება. კოლხეთის, ოდიშის დაბლობი, მთელი თავისი იდუმალებით, ლერწამმოდებული სანაპიროებით, წეროებით (ან მათი მსგავსი გრძელნისკარტა ჩიტებით) ძალიან თვალწარმტაცი სანახაობაა და მეც მონუსხული მივუყვები გზას. მალე მეთევზეებიც გამოჩდნენ და გზაც მიმასწავლეს სამიქაომდე (ტბები კი, როგორც მოგვიანებით  გავიგე, სოფლების – გეზათისა და ქოლობანის მიდამოებში ყოფილა). გრუნტის გზის მიუხედავად, ყველას ვურჩევდი აქ “დაკარგვას”.

სამიქაომდე ჯერ სოფელ გულუხეთს გავდივართ. მთელ გზას ზღაპრული დეკორაციასავით მიუყვება მეგრული ოდები. მინდა, ყველგან გავჩერდე, ფოტოები გადავიღო (ცხადია, ასეც ვიქცევი). ვეღარ ვხვდები, რომელი ოდა და ეზო-კარი უფრო მომწონს და ვფიქრობ, რამხელა სიმდიდრეა ეს სახლები მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, აბაშის მუნიციპალიტეტისათვის! სტუდენტი რომ ვიყო, არქიტექტურას, ხატვას, დიზაინს ან ანტროპოლოგიას ვსწავლობდე და აქ საველე პრაქტიკაზე დავდიოდე –  ჩანახატებისათვის, ასაზომად, გადასაღებად, სახლის და სოფლის ისტორიის კვლევისათვის, დიდი ბედნიერება და მოტივაცია იქნებოდა ჩემთვის. ისიც ძალიან გამახარებდა, მუნიციპალურ დონეზე სულ ცოტა სოფლებში მიმოფანტული ამ სახლების აღწერა, ფოტო-ფიქსაცია რომ ხდებოდეს. ოდების მეპატრონეებს კი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა შემოგვინახეს.

სამიქაოს სოფლის ცენტრში სამი ქალი მელოდება – ორგანიზაციის – “განათლებისა და განვითარების ცენტრი – მაკრონი” წარმომადგენლები. მაკრონი, თურმე, ერთ-ერთი უძველესი კოლხური ტომის დასახელება ყოფილა.

ცენტრში სოფლის ძირითადი დაწესებულებები საკმაოდ მოზრდილი სკვერის გარშემო ერთად არის თავმოყრილი და ძალიან საინტერესო კომპლექსს ქმნის; ვფიქრობ, სტრატეგიული ხედვისა და შესაბამისი ხელის წაკვრის შემთხვევაში, აქ ნამდვილი მრავალფუნქციური სათემო ცენტრის განვითარება იქნება შესაძლებელი. სკვერი მართლაც საოცარია  – უზარმაზარი და მომნუსხველად მოშრიალე ხეებით. ხეები იმდენად დიდრონი და დიდებულია, მის ჩრდილში შესულს აღარც სიცხე გაწუხებს და არც – ნესტი. თითქოს უცებ სხვა სამყაროში შეაბიჯე; ამ სხვა სამყაროს, ცხადია, მხოლოდ ხეები და შვებად მოგვრილი სიგრილე კი არა, პირველ რიგში, დამხვდური ადამიანები განაპირობებენ. სამი ქალი სამიქაოდან – ეკა გაბუნია, ლარისა მიქაძე და ელენე ქურდობაძე.

სათემო ჯგუფებთან სტანდარტული კითხვარით მუშაობისთვის საშუალოდ 20 წუთი მჭირდება ხოლმე, თუმცა, სამიქაოს სკვერში, ჩემს მასპინძლებთან ლაპარაკი და მათი მოსმენა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ 40 წუთმაც კი შეუმჩნევლად გაირბინა.

ასე გავიგე, რომ ორგანიზაცია “მაკრონი”, სამიქაოს გარდა, იქვე, მეზობელ სოფელ მაიდანშიც ცდილობს საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების შეთავაზებას; რომ “მაკრონის” ძალისხმევითა და სოფლის საკეთილდღეოდ უკვე რამდენიმე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტიც განხორციელდა: ჯერ იყო და სოფლის საბავშვო ოთახის შეკეთებისთვის მოიპოვეს თანადაფინანსება და ბავშვები და მშობლები დიდად გაახარეს;  ასევე, აქ, ამ ულამაზეს სკვერში ტრენაჟორების შესყიდვა-დამონტაჟების სახსრების მობილიზებაც შეძლეს და  ახლა სოფლის მცხოვრებლებს სკვერისკენ უფრო მეტად მოუხარიათ.

ჩვენი ინტერვიუც სწორედ აქ, ტრენაჟორებთან მიმდინარეობს. განა იმიტომ, რომ “მაკრონს” სამუშაო სივრცე არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ კარგი საქმის კარგად გამოსვლით მოგვრილ სიხარულს გაზიარება სჭირდება და მე სიამოვნებით ვიზიარებ მასპინძლების ოდნავ სიამაყეშეპარულ სიხარულს – მათ ეს შეძლეს. შეძლეს სოფლისთვის.

ოფისი ორგანიზაციას იქვე, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში აქვს. “მაკრონის” სამუშაო სივრცის ერთი ოთახი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გარემონტდა. ქალები ზოგადად თვითმმართველობასთან ძალიან დადებითi თანამშრომლობის გამოცდილებაზე ყვებიან. ამავე შენობაში კიდევ ერთი ოთახი კი “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით (CSRDG) გარემონტდა – ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო მიზნებისათვის. სათემო განვითარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ სათემო სივრცეების შექმნაა – სივრცის, სადაც ადამიანებს შეკრება, აზრების გაცვლა-გამოცვლა, დაგეგმვა ან არაფორმალური განათლების მიღება შეუძლიათ. ერთიანობის განცდას, ვფიქრობ, ძალიან აძლიერებს საერთო სამუშაო სივრცე, ამიტომაც, სოფლად სათემო ინიციატივებისა და ცენტრების არსებობა უმნიშვნელოვანესი საკითხი მგონია.

შახვეტილა

ასევე, დაგაინტერესებთ: სოფელ-სოფელ – ახმეტის უნახავად შეყვარების ამბავი

 

“მაკრონმა” პანდემიის დროს, პარტნიორებთან (ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) ერთად, გაჭირვებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაც შეძლო; ზოგადად, ორგანიზაცია დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ საკითხებს და ამის დასტურია პროექტი “ტყე – შვილებს, ფიჩხი – ღუმელს”, რომელიც ამჟამად ხორციელდება საქართველოს ქალთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტი გულისხმობს ხუთი მრავალშვილიანი ოჯახისათვის იაპონური ტექნოლოგიით დამზადებული – “ფიჩხის ღუმელის” გადაცემას. ღუმელებისთვის ოჯახებს მხოლოდ ფიჩხის შეგროვება მოუწევთ, რაც მათთვის დიდი შეღავათი იქნება; შეღავათი იქნება ტყისთვისაც. ამ მხრივ ფიჩხის ღუმელი მართლაც ძალიან ეკონომიურია.

ახლა კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას უყრის საფუძველს “მაკრონი”, საქართველოს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის მხარდაჭერით. პროექტი “ადამიანი გაჭირვებაში” ავტომობილის შესყიდვისთანავე დაიწყება და თემში მარტოხელა მოხუცების შინმოვლის სერვისიც დაინერგება. შეიქმნება მობილური ჯგუფი (ექიმი, მომვლელი და მუშა), რომელიც მანქანით თავად მიაკითხავს მარტოხელა მოხუცებს – ექიმი გასინჯავს და სამედიცინო კონსულტაციას გაუწევს, მომვლელი მას მოაწესრიგებს,  ჰიგიენური პირობების დაცვაში დაეხმარება და სახლსაც დაულაგებს. მძღოლი კი დამხმარე მუშის ფუნქციასაც შეითავსებს და მოხუცს შეშას დაუჭრის, ბალახს გაუთიბავს, ან სხვაგვარად წაუკრავს ხელს ფიზიკურ სამუშაოზე. წარმოგიდგენიათ, როგორი წამოწყებაა?

სამომავლოდ მუნიციპალიტეტები თავად განავითარებენ მსგავს სერვისებს და აბაშის მაგალითზე ეგება სხვებმა ისწავლონ კიდეც? საერთოდაც, სათემო სიკეთის შესაქმნელად, სათემო ჯგუფებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით, ძალიან კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება – მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

სამომავლოდ სხვა იდეებიც აქვთ სამიქაოელ ქალებს: ქალთა მცირე მეწარმეობის განვითარების, ბიზნეს-ინიციატივების წახალისების, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების შეთავაზების კუთხით და ამ სამომავლო იდეებს სამივე ენთუზიაზმით ანთებული თვალებით მიზიარებს. კარგი საქმეების კეთების სიხარული მართლა გადამდებია. სამიქაოს ვტოვებ გულში მეტი სინათლით. გზაში ვფიქრობ, რომ ასეთი თვითმოქმედი ჯგუფი რაც უფრო მეტი იქნება, მით მალე წავა წინ ჩვენი ქვეყანა. ადგილზე, თემის სასიკეთოდ თვითორგანიზების და თვითმოქმედების მნიშვნელობასა და ძალაში სრულიად დარწმუნებული ვარ.

რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.