სოფელ-სოფელ – ახმეტის უნახავად შეყვარების ამბავი

3796
შახვეტილა

ავტორიანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

ახმეტის მუნიციპალიტეტს, გარდა თუშეთისა, თითქმის სრულებით არ ვიცნობ. ამ მხარეში არც ხშირად მიმოგზაურია და არც ისე, გავლით მიწევს ხოლმე მოხვედრა. წელს გამიმართლა და ორგანიზაცია „თუშური ბრენდის“ ერთ ძალიან საინტერესო პროექტში მომიწია ჩართვამ.

ალვანში მოქმედი ორგანიზაციის პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და განვითარების რეკომენდაციებზე მუშაობას გულისხმობს. ამ მიზნით, პროექტის გუნდმა, მარი ხაჩიძემ და თეონა მინდიაშვილმა, ლამის მთელი მუნიციპალიტეტი სოფელ-სოფელ შემოიარეს. ისინი უამრავ ადამიანს შეხვდნენ; კულტურის სფეროს მუშაკებსა თუ უბრალოდ კულტურის სერვისების მიმღებებს შეკითხვები დაუსვეს, პასუხები მოისმინეს და ძალიან მრავალფეროვან საინფორმაციო მასალას მოუყარეს თავი. ადგილზე დაათვალიერეს სოფლის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც: კულტურის სახლები ან მათი ნაშთები, ბიბლიოთეკები, სკვერები და ასევე, სოფლებში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლები, რომელთა შესახებაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად ბევრი არაფერი ვიცით ხოლმე (სპეციალისტებს არ ვგულისხმობ, ცხადია). ჩაწერეს 60-მდე ინტერვიუ, ჩაატარეს მოსახლეობის აზრის კვლევა კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და სხვ. ამ პროცესს მხარი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დაუჭირა. მე კი ვფიქრობ, ასეთი კვლევები რაც შეიძლება მეტ მუნიციპალიტეტში უნდა ტარდებოდეს, თავად მუნიციპალიტეტის ინიციატივით.

თავმოყრილი საინტერესოა კონკრეტულ სოფლებში დღევანდელი ვითარების შესწავლა-შეფასების კუთხით, რადგანაც აქ უამრავი პრობლემა, მოსახლეობის სადარდებელი და გულისტკივილი ჩანს და არა მხოლოდ .. ჩემთვის ეს ინტერვიუები ერთგვარ სამომავლო მეხსიერების ბანკსაც წარმოადგენს. ბევრი წლის მერე, ჩვენი სოფლების დღევანდელი ყოფა  რომ დააინტერესებთ, იმ მკვლევართათვის. აკი, ვურჩიე კიდეც „თუშური ბრენდის“ გუნდს, შეგროვებული მასალა დახარისხდეს, დალაგდეს და ეგება, ახმეტის მუნიციპალიტეტის რომელიმე მუზეუმის არქივშიც დაიდოს ბინა ელექტრონული ასლების სახით?

ჩემი როლი ამ პროექტში სოფელ-სოფელ სიარულს, სამწუხაროდ, არ მოიცავდა; მე მკვლევრების მიერ ველზე შეგროვებული მასალის მათთან ერთად დამუშავება და პრობლემების მოგვარების ჩვენეულ ხედვაზე მუშაობაში ვარ ჩართული. ანუ ერთობლივად ისეთ საკითხებზე უნდა ვიფიქროთ, როგორებიცაა: რა შეიძლება გაკეთდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს უკეთესი მართვის, მრავალფეროვანი კულტურის სერვისების განვითარებისა და სოფლების მცხოვრებლებამდე მიტანის, ანუ კულტურის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით და სხვა.

ფოტოები, ინტერვიუების გაშიფრული ტექსტები და კვლევის შედეგები, სოფლების ისტორიები, წარსულისა და აწმყოს შესახებ რესპოდენტების გულიდან წამოსული ფიქრები… ამ ძალიან საინტერესო მასალაზე მუშაობისას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ-სოფელ შემოვლა მომინდა.   ილტოს, პანკისის და სხვა ხეობებში მოგზაურობის, მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფლებისა და ძეგლების დათვალიერების, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ჩამოჯდომის და სოფლის ძველი, მეხსიერებაში დალექილი ამბების უშუალოდ მოსმენის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ სასწრაფოდ დავიწყე ჩემთვის საინტერესო ადგილების მონიშვნა.

ჰო, ასე მოხდა. სამუშაო მაგიდასთან მყუდროდ მჯდარმა უცებ ძალიან შევიყვარე ახმეტის მხარე, შორიდან… შეხვედრის სიხარული კი წინ მაქვს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, სად ვიმოგზაურებ და რას დავათვალიერებ როგორც კი დრო გამომიჩნდება!

მაგალითად, სოფელ ზემო ხოდაშენში წავალ და ციხე-მარანს ვნახავ; ეს სოფელი თავის დროზე საუფლისწულო მამული ყოფილა (ერეკლეს ძე მირიანის) და მის შემოგარენში,  ადგილობრივების თქმით, დღემდეა შემორჩენილი უამრავი სამლოცველო, ციხე, ნასოფლარი. ასევე, ისეთი საინტერესო ბუნებრივი ძეგლი, როგორიცაა  მაგალითად, უძირო ტბა, რომელიც აუცილებლად მინდა დავლაშქრო, თუმცა, ჯერ არც გზა ვიცი და არც ის, მანქანა ადის თუ არა. ამ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერც თანამედროვე ინფორმაციის უძირო ჭაში – ინტერნეტში ვპოულობ. საინფორმაციო კუთხით კი ძალიან კარგი სერია აქვს წამოწყებული ინტერმუნიციპალურ ორგანიზაციას – DMO Visit Kakheti, რომელიც ვიდეო-ბლოგებიც პერიოდულად კახეთის სხვადასხვა ისტორიულ სოფელს გვაცნობს.

მერე ჩავიდოდი სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზს დავათვალიერებდი და ტრადიციულ კახურ სახლებსაც, მაქმანებივით აივნები რომ შემორჩენიათ. თუმცა, ყველაზე მეტად, ხოდაშენის არ იყოს, აქაც ტყეში შემალული ციკლოპური ნაგებობა მაინტერესებს, რომელსაც „დევების ნასადგომარი“ ჰქვია და უხსოვარზე უხსოვარი დროის უნდა იყოს. არც აქ ვიცი, მონიშნული არის თუ არა ტყის გზა. სახეტიალო ბილიკების განვითარების საჭიროებაზე ადრეც ვწერდი და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმყარდება მატი აუცილებლობის  მოსაზრება.

კიდევ რას ვნახავდი? მაგ. მაღრაანში ტყეში შემორჩენილ ხოკერაანთ ნასახლარს (სასახლის ნაშთები) ან იქვე, არგოხში – კოშკ-სამლოცველოს. ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა და ბებერ ტყეებში სეირნობაც ძალიან მომინდა… ილტოს ხეობის შეყოლა, სადაც შემთხვევით ვერ მოხვდები, იქ სრულიად მიზანმიმართულად უნდა წახვიდე. ხეობის სოფლებს მოვინახულებდი. მაგალითად, შახვეტილას! სახელიც კი შემიყვარდა.

“მოსულა მტერი და აუღია ბახტრიონი. ხალხი აქეთ გამოქცეულა, თავი აქ შეუფარებია. ამიტომ დაარქვეს ამ სოფელს შახვეტილა, აქ სად შახვეტილა ეს ხალხიო”  ვკითხულობ მასალაში და გული მიჩუყდება. რამდენჯერ მოუწიათ აყრა, გაქცევა და „გახვეტა“ ადამიანებს ამ მხარის სოფლებიდან, რამდენჯერ იწყებდნენ ახლიდან ცხოვრებას და რამდენი ნასოფლარი გვხვდება!

იქით პანკისის ხეობა მეძახის, ქისტების კულტურის უკეთ გაცნობა მინდა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა; ცალკე ტბათანა მიხმობს, სადაც წოვათუშებს იალაღები და პატარა საზაფხულო ქოხები აქვთ. ტბათანაში ბავშვობაში ვარ ერთხელ ნამყოფი. მაშინ მე ძალიან პატარა ვიყავი, სამყარო კი – ძალიან დიდი და იდუმალი; უზარმაზარი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თითქოს ხელის გაწვდენაზე იყო, ჩვენს ქვემოთ კი ღრუბლები ფარავდა ხეობებს. მე კი გავიზარდე, თუმცა, სამყარო ისევ დიდი და ხშირად იდუმალიცაა.

ჰოდა, ძალიან მინდა ტბათანაში კიდევ ერთხელ მოვხვდე და საღამოს კოცონთან მასპინძლების სიმღერა მოვისმინო:  „მოდი თუ მომავალი ხარ, მამწყინდა შენი ლოდინი …“

ვგეგმავ მოგზაურობას და მინდა, თითო ამ (და სხვა უამრავი, ყველას ხომ ვერ ჩამოვთვლი!) ადგილის მონახულებისას საკმარისი დრო მქონდეს. დრო, რომ გავჩერდე, მშვიდად ჩამოვჯდე, არსად მეჩქარებოდეს და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხეობებივით, ტყეებივით, სოფლებივით ძველი ლეგენდები და ამბები მოვისმინო.

ასევე, დაგაინტერესებთ: სოფლის თავში, ტყის პირას…

ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მოგზაურობაც, ანუ ახლის აღმოჩენაც ძალიან მიყვარს. ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმისა და სხვა საინტერესო ადგილების, მაგალითად, აწყურის წმინდა გიორგისსანახავად  უკვე ვიყავი! დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში უფრო მეტად მოვახერხებ ახმეტის მუნიციპალიტეტის შემოვლას და მერე მოსაყოლიც მეტი მექნება … მანამდე კი ამ საოცარ ადგილებზე ფიქრს ვაგრძელებ  და  მადლიერი ვარ ორგანიზაცია „თუშური ბრენდის“, ახალი ჰორიზონტები რომ გამიხსნა! საერთოდაც, ყველა იმ სათემო ჯგუფის მადლიერი ვარ, რომლებიც დაუღალავად შრომობენ საკუთარი სოფლებისათვის.

რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.