ლევან გოგიჩაიშვილის გამო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” პაუზას იღებს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდათ.
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თითოეული წარმომადგენელი.
ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს. უპირველესყოვლისა, ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარებოა და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტია ბუნებრივია პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა. აქვე გიდასტურებთ, რომ იმ ღონისძიებებში, რომელიც ბოლო პერიოდში „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ინიციატივით ჩატარდა: 6 სექტემბერს ქუთაისსა და გუშინ თბილისში, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა. „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.