ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ არ ეხება 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს

722

წინა სტატია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არ ეხება 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რადგან საუბარია არჩევნებზე, პოლიტიკური პროცესი არ უნდა შეიზღუდოს, რათა ეს შემდგომ მმართველი ან სხვა პარტიის მიერ დისკრიმინაციად არ იყოს გამოყნებული. ამირან გამრელიძის თქმით, ეს საერთაშორისო რჩევა და რეკომენდაციაც იყო.

ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ საარჩევნო აგიტაციისას, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება აუცილებელია.

„კულტურულ ღონისძიებებზეც აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, მაგალითად დისტანციის. ასევე, ღია სივრცეში პირბადის ტარება და შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდშიც აუცილებელია ამის დაცვა. დღეს რასაც ვუყურებთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდს, გარეთ პირბადეს არ იყენებენ. ძირითადად, პირბადე შიდა შენობებში გვქონდა. ამიტომ, ახლა თუ დისტანცია დაცული არ არის, აუცილებელია პირბადის გამოყენება.

რაც შეეხება ადამიანების რაოდენობას, მესმის ამ კითხვის სენსიტურობა იმიტომ, რომ შეზღუდო, ჯერ ერთი, პოლიტიკური პროცესია. არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული ან მმართველი, ან სხვა პარტიების მიერ გარკვეულ დისკრიმინაციად, თითქოს პროცესი იზღუდება. ამიტომ, პროცესის მონიტორინგი უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით, რადგან ეს მაინც დაკავშირებულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რომელიც თვენახევრის შემდეგ ქვეყანაში იქნება- ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან. ამიტომ, ეს ზოგადად, საერთაშორისო რჩევაც არის და რეკომენდაციაც, რომ ამ დროს პოლიტიკური პროცესები ნაკლებად შეიზღუდოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. თუმცა, ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.