ჟვანია: თუ საარჩევნო კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, კომისია კარანტინს დაექვემდებარება და მას „სპეციალური ჯგუფი“ ჩაანაცვლებს

967

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, თუკი კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, მთელი კომისია კარანტინს ექვემდებარება და მათ სარეზერვო კომისია, ე.წ. სპეციალური ჯგუფი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.

„ცხადია, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვაქვს გარკვეული სარისკო ჯგუფების შესახებ ინფორმაცია შედგენილი და მიწოდებული ჯანდაცვის სამინისტროსთვის, საჭიროების შემთხვევაში, რომ ტესტირება მოხდეს. გვაქვს კენჭისყრის დღემდე სავალდებულო თერმოსკრინინგი კომისიის წევრებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და “ცხელების ცენტრებმა“ უნდა მოახდინონ დროული გადამოწმება, რომ კომისიის წევრმა სხვა წევრებს პრობლემა არ შეუქმნას. თუ კომისიის ერთი წევრი აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იწვევს მთელი კომისიის საკარანტინო სივრცეში განთავსებას, ვისთანაც შემხებლობა ჰქონდა, შესაბამისად, უნდა მოვიფიქროთ სარეზერვო კომისია, ე.წ. სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს კომისიას და არ მოხდება არჩევნების ხელშეშლა. ამის გეგმა ცესკოს აქვს. იმედი გვაქვს არცერთ უბანზე მსგავსი პრობლემა არ გვექნება. ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა“, – განაცხადა ჟვანიამ.

ჟვანიას ინფორმაციით, კომისიის წევრები კენჭისყრის დღეს დამცავი ფარით და ხელთათმანით იმუშავებენ.

„კომისიის წევრებს უფრო მეტი ვალდებულება ექნება, ვიდრე ამომრჩევლებს. ეს ვალდებულებები გავრცელდება დამკვირვებლებზე, ასევე პარტიის წარმომადგენლებზე, რომლებიც მუდმივად, დიდი ხნით არიან უბნებზე.

კომისიის წევრებისთვის ჩვენ ვგეგმავთ ხელთათმანების და სახის ფარების გამოყენებას, რომელიც გარკვეულწილად ხსნის იმ ბარიერს, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა რომ დამონტაჟებულიყო ამომრჩევლისა და კომისიის წევრის ურთიერთობისას. რა თქმა უნდა, იქნება ბუნებრივი ვენტილაციის მოთხოვნები. აუცილებელი იქნება, რომ კომისიის წევრებმაც დაიმუშავონ ხელები და დაამუშავონ ის ინვენტარი გარკვეული პერიოდულობით, რომელსაც ისინი მოიხმარენ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს სავალდებულო ტესტირება ჯერ არ გაუვლიათ.

„ვისაც პატარა, მცირე სიმპტომი ჰქონდა, ყველა გვყავს გადაგზავნილი და გატესტილი. არცერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურებულა“, – განაცხადა ჟვანიამ.