ცქიტიშვილი: ჩვენ ისტორიაში ამდენი კილომეტრი გზა ერთად, განსაკუთრებით ახალი საერთაშორისო მაგისტრალი, არ გაგვიხსნია

409

ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ ქუთაისის 19 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გახსნა, ისე, როგორც 14 კილომეტრიანი მონაკვეთი ჯაპანა-ლანჩხუთისა და ასევე, ხაშურის შემოვლითი გზის გახსნა. არასდროს, ჯერ ჩვენ ისტორიაში ამდენი კილომეტრი გზა ერთად, განსაკუთრებით ახალი საერთაშორისო მაგისტრალი არ გაგვიხსნია“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, ხაშურის შემოვლით გზაზე იგეგმება ორი დიდი სავაჭრო სივრცის მოწყობა.

„ახალი გზა ნიშნავს სწრაფ მოგზაურობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო მეტად იმოგზაურებენ. როდესაც მგზავრობა არის სწრაფი და კომფორტული, ბევრად უფრო სწარაფად ვიღებთ გადაწყვეტილებას მოგზაურობის შესახებ. ეს არის რეგიონული განვითარების განზომილება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმირი ახალი პროექტის შექმნის დროს, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, თუმცა როდესაც ახალ, საერთაშორისო სტატუსის მაგისტრალებზე ვსაუბრობთ, ბევრად უფრო დიდი ეკონომიკური განზომილება შემოდის, რასაც ჰქვია ჩვენი ლოგისტიკური განზომილების გამოყენება.

ჩვენ ამ ადამიანებს ვთავაზობთ ბევრად უფრო კომფორტულსა და კეთილმოწყობილ გარემოს, მათი მცირე ბიზნესის წარმოებისთვის. კერძოდ, თუნდაც ხაშურის შემოვლით გზაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ ამ გზის მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული გვაქვს ორი საკმაოდ დიდი ფართის სპეციალური მონაკვეთის მოწყობა, სადაც მათ ექნებათ საშუალება, უკვე მუნიციპალიტეტის დახმარებითაც, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში, რომელიც ბევრად უფრო კარგად იქნება მოწყობილი, ვიდრე ის ჯიხურები, რომელშიც დღეს თუნდაც ნაზუქის გამყიდველები არიან და ამ სივრცეებში მათ ექნებათ საშუალება თავისი ბიზნესი აწარმოონ და კვლავ იმ მგზავრებს მოემსახურონ, რომლებიც ამ გზებით სარგებლობენ და შესაბამისად თავისი ბიზნესიც განავითარონ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.