ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზაზე სამუშაოები 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

418

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი, პროცესის გაჭიანურებისა და იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ დრომდე დამკვეთ უწყებასა და შემსრულებელ კომპანიას შორის გამოიკვეთა.ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე (ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზა) ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოაცხადა. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიგეგმა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ხელშეკრულება 2017 წლის 22 მაისს გაფორმდა. ამ კომპანიას 6 155 842 ლარის ღირებულების პროექტი 12 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2018 წლის მაისიდან მას დათქმული ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს, ბოლოს კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის დრო 2019 წლის 31 ოქტომბრამდე მისცეს.

პარალელურად, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე გაზსადენისა და სოფლის სასმელი წყლის მილების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა, რამაც როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავდაპირველად განმარტეს, სამუშაოების დასრულების ვადა 2-3 თვით შეაფერხა.

მსოფლიო ბანკის მიერ დასახელებული პროექტის განსახორციელებლად 6 155 842 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) გამოიყო. აქედან შემსრულებელმა კომპანიამ, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ამ დრომდე არ დაუსრულებია, ნთანხის ნახევარზე მეტი უკვე მიიღო.

ამ საკითხზე საუბარი 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია (გვ. 49-50). დოკუმენტის მიხედვით, პროექტის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით (რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო), ყველა შესაძლო, მოსალოდნელი პრობლემა თუ რისკი წინასწარ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და უწყებებს შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ.

უწყების განმარტებით, კონტრაქტორი დარჩენილ 2-კმ ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოებს, საგზაო ნიშნების მოწყობას, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ლითონის ბადეების მოწყობასა და სხვა დარჩენილ სამუშაოებს ასრულებს, რომელთა გათვალისწინებით პროექტის დასრულების ვადად ამჯერად 2020 წლის დეკემბერი დასახელდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კონტრაქტორს პირგასამტეხლო ( მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 0.1% ყოველ გადაცილებულ დღეზე) დაეკისრა, რომლის მაქსიმალური ოდენობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 10%-ით არის განსაზღვრული, რაც 615 584 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ჩნდება არაერთი საფუძვლიანი კითხვა, რომელსაც ამ დრომდე კონკრეტულად არავინ პასუხობს. პირველ რიგში ეს ინტერესი უკავშირდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც ხელშეკრულების პირობები არაერთხელ დაარღვია. საბიუჯეტო უწყება კი მხოლოდ ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლა და ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების თანახმად ეს პროექტი 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე ისევ მიმდინარეობს და მისი დასრულების ზუსტი ვადა ჯერ ისევ არ სახელდება.