სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს.
შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი განათლების კომიტეტია.
ცვლილებებზე დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ და იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი პროექტს მხარს დაუჭერს, მისი ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.
კომიტეტი განმარტავს, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ 2023 წლის პირველ იანვრამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება.