პრემიერი: 2023 წელს დაგეგმილია განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება

573

მთავრობის საქმიანობის შესახებ პრემიერის წერილობით მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, აღნიშნულია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

2021 წელს დასრულდა საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება და 2022 წლიდან დაიწყო საშუალო საფეხურზე, X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება.

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ “2021 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები. გარდა შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური განახლებისა, ეროვნულ სასწავლო გეგმას საშუალო საფეხურზე დაემატა საგანი − საქართველოს ისტორია. 2022-2023 სასწავლო წლიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება ჭადრაკი.

სკოლებში პილოტირებას გადის ე. წ. „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ.

წელს, პირველად, სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა და ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.