თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ევროპული საქართველოს” არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ბადრი შონიამ აღნიშნა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროატლანტიკური საბჭოს ვექტორის” თავმჯდომარის, სერგო ჯავახიძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია რეგისტრაციაში კანონის სრული დაცვით გაატარა.
მოსარჩელეს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 2 დღის ვადაში შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საკითხზე დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.
როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებდა, პარტია „ევროპულმა საქართველომ” ცესკო-ში რეგისტრაციის ვადები დაარღვია, რის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო. „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი აცხადებდა, რომ სარჩელი იურიდიულად გაუმართავი და უსაფუძვლო იყო.