საპარლამენტო არჩევნებისთვის 66 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული, 12-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

519

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

ცესკო-ს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

„შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა)“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.