აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 2,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

438

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ბათუმელები წერს.

აქედან:

  • შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი;
  • საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი;
  • სხვა ხარჯი – 25 000 ლარი;
  • არაფინანსური აქტივები – 5 000 ლარი.

უშუალოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლისთვის მთლიანობაში 100 ათასი ლარით გაიზრდება, თუმცა ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა უცვლელი დარჩება. უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მოქმედმა საბჭომ ივნისში დაამტკიცა. ამ პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 216 800 ლარი გამოიყოფა.

2020 წლის 5 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციური კანონის ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება.