ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში ყოფნისას, ასევე შესვლა-გამოსვლის დროს პირბადის გამოყენება სავალდებულო არ არის.
ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა. ეს მოთხოვნები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა-გამოსვლაზე არ ვრცელდება.
კენჭისყრის დღის გარდა, პირბადის გამოყენება სავალდებულოა:
- საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში;
- საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში;
- საარჩევნო კომისიებში შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
- საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისას;
- დამკვირვებლებს – საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში ყოფნისას [საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას].
ცესკოს დადგენილებით, პირი ვალდებულია დაიცვას პირბადის ტარების წესი. „წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას და ამ წესის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება მისი შენობიდან გაძევება“.
- გამომსვლელს/მომხსენებელს საარჩევნო კომისიის შენობებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას;
- პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;
ამავე დადგენილებით:
- „საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში“;
- „საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჩივრის განხილვაზე პირის დაბარებისას, საჩივრის ავტორს მოსთხოვოს, რომ იგი ვალდებულია გადაიმოწმოს ტემპერატურა და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს მისივე წერილობითი განცხადების საფუძველზე მისი ჩამნაცვლებელი პირის წარმოდგენა. აღნიშნულის თაობაზე მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თუ ცხელება დაუფიქსირდა საჩივრის ავტორს/უფლებამოსილ პირს, ზემოხსენებული გაფრთხილების შემდეგ, საარჩევნო კომისიაში შესვლისას იგი უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მიმართოს წერილობითი განცხადებით საჩივრის განხილვაში მის ნაცვლად სხვა პირის მონაწილეობის შესახებ და უზრუნველყოს ამ პირის საარჩევნო კომისიის სხდომაზე გონივრულ დროში გამოცხადება, რისთვისაც შესაძლებელია აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდოს გონივრული ვადით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ უნდა იქნეს დარღვეული ამ საჩივრის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადა. განცხადებაში უნდა მიეთითოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი“;
- „საარჩევნო კომისიის შენობებში უნდა განთავსდეს ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი“.
საარჩევნო კომისიის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირი ასევე ვალდებულია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიცვას შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:
- დაიცვას ჰიგიენის წესები;
- მოერიდოს თავშეყრას, დაიცვას რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (შეძლებისდაგვარად);
- პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
- სამუშაოს დაწყებისას და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავოს სამუშაო ინვენტარი, რომელსაც იყენებს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
- ტექნიკისა და ინვენტარის მომხმარებელმა უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კლავიატურის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
- საარჩევნო კომისიის შენობაში მისვლამდე გააკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;
- ატაროს პირბადე ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
როგორც ზემოთ არის აღნიშნული – ცესკოს ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა/გამოსვლაზე.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.