თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში კომპანია Hyundai-ს დისკვალიფიკაციცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ამჟამად სატრანსპორტო კომპანია “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას განიხილავს, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
Hyundai სატრანსპორტო კომპანიას H350-ის ტიპის 17-ადგილიანი მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობდა, თუმცა სატენდერო კომისიას ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჰქონდა, რომელთა დასაზუსტებლადაც კომპანიას 27 აგვისტომდე მიეცა ვადა. 31 აგვისტოს კი, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ კომპანიამ ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.
რაც შეეხება “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას, კომპანიის მიერ წარდგენილი ავტომობილი ასევე 17 ადგილიანია, ერთი მიკროავტობუსის ღირებულება კი 101,656 ლარი იქნება. ამასთან, ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრის ფარგლებში უნდა იყოს.
“ჯი-თი მოტორსი” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან მისი გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებას უცხოურ ვალუტაში ითხოვს. თავისმხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას “ჯი-თი მოტორსის” წინადადების განხილვისთვის 5-დღიანი ვადა ექნება.
შესყიდვის შემთხვევაში, მერია ამ მიკროავტობუსებს სარგებლობაში “თბილისის მიკროავტობუსს” გადასცემს, რომელიც დედაქალაქში მოქმედი კერძო სატრანსპორტო ოპერატორია. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ახალი მიკროავტობუსი 17 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი.
თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესყიდვის ტენდერი წელს 2-ჯერ შეაჩერა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შეჩერების მიზეზი სატენდერო წინადადების აღწერილობაში ცვლილებების შეტანა გახდა, რასაც პოტენციურ მიმწოდებელთა შორის კონკურენცია უნდა გაეზარდა.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 29 მლნ-იანი ტენდერი აპრილის დასაწყისში შეჩერდა. მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, ახალი ტენდერით სატენდერო წინადადების მიღების დასრულება 3 აგვისტოს იგეგმებოდა.
მესამედ კი, ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა და მასში წინადადების მიღების ვადა 17 აგვისტოს ამოიწურა.