გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

320

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს იწურება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა დაასრულოს.

მათივე ინფორმაციით, რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტის რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სრულად ამორტიზებულია არსებული მილები, მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტის დასრულების შემდეგ კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა. სამუშაოებს 380 000 ლარზე მეტი მოხმარდება.