„ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა, პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნის მოთხოვნით მიმართონ

619

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს თავი აარიდეს.

ნადირაშვილის თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს.

ირმა ნადირაშვილის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, ხელმოწერებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და „პატრიოტთა ალიანის“ არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვონ.

„15 და შეიძლება მეტი ჩემი კოლეგა „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდა განცხადებით და ყველაფერზე გველაპარაკნენ, როგორ დაფრინავენ პეპლები ამ ქვეყანაში, როგორ იფურჩქნებიან ვარდები, რა კარგი და საამურია ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ არც ერთ თქვენგანს არ გიხსენებიათ „პატრიოტთა ალიანსი“ და მასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არის მომგებიანი, ასე ნამდვილად არაა. მაგრამ გასაგებია რატომაც იქცევით ასე, საკუთარი კუდის მოჭრა თქვენ არ შეგიძლიათ.

ეს ადამიანები არიან თქვენი შემოყვანილი პარლამენტში, თქვენ ხართ მთლიანად პასუხისმგებელი, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს. ამას დიდი დადასტურებაც არ უნდა, გამოქვეყნდა დოკუმენტები, იმეილები, უბრალოდ ტელევიზორს უნდა შეხედოთ, შემდეგ წაიკითხოთ ეს დოკუმენტები და ნახოთ პუტინის ადმინისტრაციიდან როგორ ურჩევენ ამ ადამიანებს, რაზე ისაუბრონ, როგორი პიარი, რა სტრატეგია ჰქონდეთ, როგორ არის მათთვის ფული გამოყოფილი. ამას ჩვეულებრივად ტელევიზორში ნახავთ, რადგან „პატრიოტთა ალიანსი“ აკეთებს პირდაპირ იმას, რასაც კრემლი ავალებს, რაშიც ფულს დებენ და რასაც ახორციელებენ საქართველოში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქ „პატრიოტთა ალიანსზე“ არ არის საქმე, ეს არის თქვენი შექმნილი პრობლემა. და თუ ასე არ არის, ჩვენ, „ევროპული საქართველო“ დღეს ვაყენებთ ინიციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმოწერებით, ამისთვის საკმარისია პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერა და მოვითხოვოთ არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნა. ჩვენი 20 ხელმოწერა ექნება. მივმართავ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები და თუ ეს გუნდი არ არის თქვენი გაგრძელება, მაშინ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან მოხსნას“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

მანამდე, 29 აგვისტოს, “პატრიოტა ალიანსმა” აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული.

24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.

31 აგვისტოს კი პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრმა დოსიემ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია რუსული “კონტრარგუმენტები”, ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.