არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ამ დროისთვის რეგისტრაცია 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა

409

ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობა.

„დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება.

„დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. დღესვე ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკო-ს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.