ოკუპირებულ რეგიონში ისტორიული ძეგლები განადგურების პირასაა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალში მაცხოვრებლები ფოტომასალასთან ერთად სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მათი განმარტებით თუ დროულად არ მოხდა სათანადო რეაგირება მათი კვალი წლების განმავლობაში წაიშლება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ცხინვალის რეგიონში სულ 600-მდე ისტორიულ ძეგლია, მათი ნაწილ 1991 წლის მიწისძვრის დროს დაზიანდა, ზოგიერთი განადგურების პირასაა და აღდგენას საჭიროებს. ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ბადრი გასპაროვი წლების განმავლობაში დიდი და პატარა, ასევე ფრონეს ხეობის ისტორიულ-კულტურულ ნაგებობებსა და ძეგლებს იკვლევს. მათ შორის ფლობს ინფორმაციას, ოკუპირებული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც. მისი განმარტებით, ამ საკითხისადმი საჭიროა კომპლექსური მიდგომა და ასევე კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში ჩართვაზე მზაობა არაერთხელ გამოთქვა, თუმცა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ადგილზე სამუშაობის დაწყება შეუძლებელია. თავად ცხინვალს კი შესაბამისი გამოცდილების ექსპერტები როგორც აღმოჩნდა არ ჰყავს.
“კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის ცნობილია. 2008 წლის ომის შემდეგ დაზიანდა ხეითის მთავარანგელოზის მე-18-მე-19 საუკუნის ეკლესია, რომელსაც ჭურვი მოხდა და შედეგად გუმბათი და სამრეკლო დაზიანდა. ასევე ერედვის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს გალავანზე მოხვდა ჭურვი და დაზიანდა, ასევე სკვერში იყო წმ. გიორგის პატარა ხის ეკლესია, ისიც გვიანდელი პერიოდის, მე-19 საუკუნისაა და დამწვარია, სავარაუდოდ მასაც ჭურვი დაეცა.ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი თამარაშენში, 90-იან წლებში ააფეთქეს, შემდეგ რესტავრაცია ჩაუტარდა და შემდეგ უკვე მთლიანად მიწასთან გაასწორეს და დაანგრიეს. -ესენია უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული ძეგლები“, -ამბობს ბადრი გასპაროვი.