აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევას ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის აჭარის წარმომადგენლობას არ ენდობა.
თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარაში არცერთი კომპანია პრივილეგირებული ან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არის. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებობს.
“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის წარმოდგენაში არ არიან“, – განაცხადა რიჟვაძემ და დასძინა, რომ ამ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას არ ენდობა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.
კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს.