ბაქრაძე: არჩევნების შემდეგ ქვეყანას ეყოლება პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლება

588

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას ეყოლება პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც აღარ იქნება მართული ერთი პოლიტიკური ძალის ან ლიდერის მიერ.

აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ წყალტუბოს, ვანის, ხონის და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის წარდგენისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ზაფხულის სიცხისა და კორონავირუსის მიუხედავად, საზოგადოებაში მაღალი აქტივობაა, რადგან ადამიანებს კარგად ესმით, რომ ოქტომბრის არჩევნები მათი შანსი და შესაძლებლობაა, რათა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე მოვა ბევრი ადამიანი, მოვა ხალხი რომელსაც აღარ უნდა ცხოვრება სიღარიბეში, აღარ უნდა ცხოვრება უიმედობაში და ტყუილში, აღარ უნდა ცხოვრება კრიმინალში და უპერსპექტივობაში, რომელიც ქვეყანას მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ თითოული ასეთი ადამიანისთვის შანსი შეცვალოს ცხოვრება უკეთესისკენ არის ოქტომბრის არჩევნები, ეს არის მართლაც გადამწყვეტი და წყალგამყოფი არჩევნები საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანას ეყოლება პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც აღარ იქნება მართული ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი ლიდერის მიერ და გუნდურად იმუშავებს, იმისთვის რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა, გადალახოს უმუშევრობა, სიღარიბე, კრიმინალი და ქვეყანა წაიყვანოს წინ ევროპული მომავლისკენ“, – განაცხადა ბაქრაძემ.