დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა კონტროლირებადია.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმიმნდინარეობს PCR ტესტირება.
„მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტში ამჟამად მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური PCR ტესტირება. გუშინწინ და გუშინ ერთობლივად აღებულია დაახლოებით 1400-მდე ნიმუში, აქედან 450-ის კვლევა დამთავრებულია და სულ გვაქვს 30 დადებითი შემთხვევა, რაც საკმაოდ მაღალია. ყველა ეს 30-ვე შემთხვევა დაკავშირებულია ლენჯერის თემთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.