ქვრივიშვილი: სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილი

579

წინა სტატია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ შორის 300-ზე მეტი ადამიანი უშუალოდ სვანეთში გადის კარანტინს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მარტივი სამართავი არაა, თუმცა ამ ეტაპისთვის წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩატარდა მსხვილი სამუშაოები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანია სვანეთიდან გამოყვანილი და ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინე სივრცეებში. საკარანტინე სივრცეები მოეწყო სვანეთში, ადგილზე შევაფასეთ არსებული განთავსების ინფრასტრუქტურა. შევეცადეთ, რომ ეს დამსვენებლებისთვის კომფორტული პროცესი ყოფილიყო და დამსვენებლების ნაწილი, რომელებიც ისეთ სასტუმროებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკარანტინე სივრცეებად გარდაიქმნა. დამსვენებლების ნაწილი სვანეთიდან გადმოვიყვანეთ ორგანიზებულად და ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა არსებულ საკარანტინე სივრცეებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომელიც სვანეთში იმყოფება, ისარგებლონ ცხელი ხაზით -144, დარეკონ, აღირიცხონ და ჩვენგან შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ. თითოეული ადამიანი ,რომელმაც დარეკა ყველასთან კომუნიკაცია შედგა და დღეს, დღის ბოლომდე ყველა იქნება გადაყვანილი საკარანტინე სივრცეში“,-განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ყაზბეგში საგანგაშო მდგომარეობა არ შეინიშნება და ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.