პეკინის ქუჩაზე მოძრაობა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

604

წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მანქანების ნაკადებთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა და იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური შედეგი დადგება, პეკინზე ავტომობილები ცალმხრივად იმოძრავებენ.

დავით ნარმანიას თქმით, კვლევის ამ დროისთვის არსებული შედეგებით, პეკინის ქუჩის გაცალმხრივების მომხრე არიან როგორც მძღოლები, ისე ცალკეული მოქალაქეები.

„მოქალაქეთა გამოკითხვამ პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც პროექტის ხარისხთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ცალსახად დადებითი პასუხი მოგვცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპორტის და ნაკადების კვლევა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც პოზიტიურ შედეგს მოგვცემს და საბოლოო პასუხს ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩაზე, რომელზეც აქამდე ორმხრივი მოძრაობა იყო, 2 თვეზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მხოლოდ ცალმხრივად გადაადგილდებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი