ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

839

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მარტში პანდემიის გამო დაიკეტა, ვიზიტორებისთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. ექვსთვიან პერიოდში მუზეუმმა 6 000 ლარამდე ზარალი ნახა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მუზეუმი 2020 წლის 8 მარტს დაიხურა. აქ აცხადებენ, რომ ამ პერიოდში 5 000 ვიზიტორი დაკარგეს:

„ჯერჯერობით არ გავხსნილვართ. ამ ეტაპზე, ვერ ვაკმაყოფილებთ უსაფრთხიების ზომებს, არ გვაქვს შესაბამის თანხები. ველოდებით, რომ სააგენტომ შეგვიძინოს დეზობარიერები და მსგავსი საჭირო ნივთები, რომლებიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სხვა მუზეუმებიდან შემოსული თანხებით უნდა შეგვიძინონ საჭირო ინვენტარი“,– ამბობს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზუმის დირექტორი თინათინ მამასტარაშვილი.

მისივე თქმით, ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს: „ახლა სეზონია ბორჯომში, წინა წელს რომ შევადაროთ, ამ თვეების განმავლობაში 5 000 ვიზიტორი უნდა გვწვეოდა, შეიძლება მეტიც. ზარალიც დაახლოებით 6 000 ლარამდეა, რომელიც საკამოდ დიდია ჩვენთვის. ზუსტად არ ვიცით როდის გავიხსნებით. სავარაუდოდ, 20 აგვისტოსთვის“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მუზეუმისთვის საჭირო ინვენტარი უკვე შეიძინეს და უახლოეს პერიოდში დამთვალიერებლების შესვლაც შესაძლებელი იქნება.

“წესით, ხვალ ჩავა ჯგუფი ბორჯომი სწორედ იმ რეგულაციების მოსამზადებლად, რომლებიც საჭიროა კორონავირუსის დროს. ყველა ინვენტარი ჩამოაქვთ ჩვენი ჯგუფის წევრებს, როგორც კი მოაწესრიგებენ, უახლოეს დღეებში გაიხსნება“,– ამბობს ანთიძე.

ქვეყნის მასშტაბით მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები 2020 წლის 20 ივნისიდან გაიხსნა.