ოზურგეთის მერიასთან კონჭკათის და ორმეთის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი კონჭკათის თემში დაახლოებით ოთხ კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
გადაუღებელმა წვიმებმა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა, ისედაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა უფრო გამოვიდა მწყობრიდან და მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც კი შეუძლებელი გახდა გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება.
მოსახლეობა ასევე ითხოვს გარე განათებას, რადგან, როგორც კი შებინდდება სახლიდან გასვლა უკვე საშიშია. სოფელში მომრავლებული ტურები და მგლები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.
ერთ-ერთ ოჯახს, რომელიც კონჭკათში სუსკურას დასახლებაში ცხოვრობს, მდინარე სუსკურა ყოველი უხვი ნალექის მოსვლის დროს სახლში უვარდება და მუდმივად შეშინებულები არიან ასეთი ექსტრემალური პირობებით.
საპროტესტო აქციაზე მისულ მოსახლეობას ადგილზე დახვდა სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში, გელა აროშიძე და მათ დაპირდა რომ, როგორც კი ამის საშუალება იქნება ნელ-ნელა დაიწყებენ გზის გაკეთებას, რაც შეეხება გარე განათებას, ის ამ წელს ვერ მოესწრება, რადგან ბიუჯეტში ამისთვის გათვალისწინებული თანხები არ აქვთ.
“მდგომარეობა გახლავთ უკიდურესად მძიმე. ყურადღებას მოითხოვს, იმიტომ, რო აქ გადაადგილდება კონჭკათელი მასწავლებლები მუშაობს ორმეთის სკოლაზე და იქედან ჩამოსული ქანები გორიდან იმდენად ახლოს იყო მდინარესთან რო მოუწიათ წყალში ჩასვლა და ისე ნელ-ნელა გზაზე გადასვლა, რომ არ ჩაეშალათ გაკვეთილები, ვერ გამოვიდა სასწრაფოც კი, რაღაცას შეგვპირდენ ეგ ბიუჯეტი წელს არ იქნება, კი იქნება და როდის იქნება ალაჰმა უწყის. მემგონი ახალ წლამდე არ იქნება, მოხრეშონ მაინც და გრეიდერი გაატარონ, რომ გადაადგილება შესაძლებელი იყოს, ოჯახები არის იქანე კიდე და მდინარე რომ ადიდდა ბავშვებს ხელი მოკიდეს და სხვაგან გაიქცნენ ღამის გასათევად. ბევრი პრობლემებია. ბევრი პრობლემებია. რამდენია ხანია ყურადღება არავის მიუქცევია და თუ რამეს გაგვიკეთებენ მადლობის მეტი რა გვეთქმის. ლამპიონები უნდა იქ კონჭკათის მხარეს ჩვენთან ორმეთში გააკეთეს . გაკეთდებაო ამბობენ მარა ეს ამ,ბობენ წლები მიდი პატარა ვიყავი და დავბერდი აგერ 72 წლის გავხდი და ჯერ არაფერი გაკეთებულა,”- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები დავით მალაზონია.
“დანგრეულია ყველაფერი ხალხი ვერ მოძრაობს,მანქანები ვერ მოძრაობს, კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. მოვედით იმიზგულიზა ხალხი, რომ გავაგებინოთ გამგეობას, ყველას რომე გაგვიკეთონ გზა, რომ გევიაროთ ხალხმა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია იქაურობა. მოხრეშონ მაინც ჯობია,” – ამბობს რაული ბუბულეიშვილი.