თბილისის მერიამ 30-მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო – რადიო თავისუფლება

459

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ლარია, ერთ კონკრეტულ კომპანიას, ჯი-თი გრუპს მოარგო. ამის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გამოძიებიდან გახდა ცნობილი. 

თბილისის მერიის კუთვნილმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” 15 ივლისს ტენდერი გამოაცხადა. კომპანია აპირებს 30 მილიონ ლარად შეიძინოს 300 მიკროავტობუსი, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში ყვითელ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ ტენდერი კონკრეტულ ავტომანქანასა და საქართველოში მის ერთადერთ დილერ კომპანია “ჯი-თი გრუპზეა” მორგებული. ტენდერის მორგება კანონდარღვევაა.

2020 წელს 300 ცალი M2 კლასის ავტობუსის, იგივე მიკროავტობუსის, შესყიდვის ტენდერი თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ორჯერ გამოაცხადა: პირველად აპრილში, თუმცა, თბილისის მერის, კახა კალაძის, გადაწყვეტილებით, ტენდერი მაშინ გაუქმდა. მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა. განმეორებით ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა.

როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ორივე შემთხვევაში თბილისის მერიამ ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგო.

ტენდერის პირველად გამოცხადებისას პირობები იმგვარად იყო შედგენილი, რომ მოთხოვნებს მხოლოდ Ford-ის მარკის მიკროავტობუსები აკმაყოფილებდნენ, რომლის დილერიც საქართველოში სწორედ ჯი-თი გრუპია. პირობებიდან გამომდინარე, ტენდერში სხვა კომპანიების მონაწილეობა პრაქტიკულად გამოირიცხა.

ტენდერის მეორედ გამოცხადებისას თბილისის მერიამ გარკვეული პირობები ამოიღო, თუმცა, დაემატა საქართველოში ოფიციალური დილერობის ათწლიანი გამოცდილება, რასაც ასევე, მხოლოდ ჯი-თი გრუპი აკმაყოფილებდა.

ამ დროისთვის ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ერთ-ერთ კომპანიამ პირობები დავების საბჭოში გაასაჩირვა და გადაწყვეტილების მოლოდინშია. კომპანია ჯი-თი გრუპის დამფუძნებელმა და დირექტორმა 2016-2018 წელს ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 160 000 ლარი შესწირეს.

საყურადღებაო ისიც, რომ მერია სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობს აქტიურად, სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა მერიამ 2,8 მილიონი ლარის ღირებულების ნაგვის ურნები, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდა.

ბოლო 5 წელში აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მერიასთან 5 მილიონი ლარის ტენდერები გააფორმა, მათ შორის ამავე კომპანიამ შემოიყვანა ISUZU-ს მარკის მწვანე ავტობუსები.