ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ტრანპორტირებისთვის საჭირო ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადების და საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს გამოართვა 5 400 ლარი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.