დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში მსმენელის წინაშე თბილისის მერიის ბიგ-ბენდი სრული შემადგენლობით წარდგა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლად რეაბილიტირებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება.
„თბილისის მერია განაგრძობს პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროს მხარდაჭერას. სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას მონატრებულ შემსრულებლებს. პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ლოკაციაზე შევხვდებით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
პროექტი დედაქალაქის მასშტაბით ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.
მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ პარკში 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ჩატარდება. ამასთანავე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.
პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.