გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სასმელი წყლის სისტემა რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, თუმცა, ამის მიუხედავად ცალკეულ უბნებს წყალი არ მიეწოდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“სოფელ ზემო სობისში წლებია უკვე რაც გაიყვანეს წყალი, თუმცა მოსახლეობის ნახევარს წყალი არ მოგვეწოდება, ბევრჯერ მივმართეთ გამგებელს დავით ცერცვაძეს, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. პასუხს გვცემს ასეთს: არასწორად არის დაქსელილიო, ამას თუ მოგვარება ჰქვია არ ვიცი, ეს უფრო ხალხისთვის თვალის ახვევაა; იქნებ ვინმემ ყურად იღოს და დაგვეხმაროს”,- ამბობს ადგილობრივი.
ზემო სობისელები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართეს.”პირადად მე წერილითაც მივმართე გორის მერიასაც, მაგრამ შედეგი ნული. არც წინასაარჩევნოდ გვაქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება, მაგრამ იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აღნიშნულის საკითხის შესახებ რადიო “მოზაიკა” ზეღდულეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით ზაფხულში მოსახლეობის ნაწილი ბაღებს სწორედ სასმელი წყლით რწყავს, ამიტომ გარკვეულ უბნებს წყალი არ მიეწოდებათ.
“ზემო სობისში მოწყობილია სასმელი წყლის ქსელი, ჭაბურღილი არის, ასევე შესაბამისი რეზერვუარი და დამონტაჟებულია ინდივიდუალური მრიცხველებიც. ჭაბურღილი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. წყალი მიეწოდება მოსახლეობას, თუმცა ერთეულები რწყავენ ბაღებს, დაყენებული აქვთ ე.წ “ტვინიანი მატორები” და არ ჰყოფნის მთელ მოსახლეობას. ჯერჯერობით მოსახლეობა მოსახლეობა მრიცხველების მიხედვით არ იხდის თანხას, რადგან ჭაბურღილი არის “გაერთიანებული წყალმომარაგების” ბალანსზეა, თანხას იხდის კომპანია და მოსახლეობა, რომ არ იხდის ზუსტად მაგიტომაა, რომ ნებაზეა მიშვებული და არასათანადოდ იყენებენ სასმელს წყალს. ველოდებით, რომ მერიის ბალანსზე გადმოვიდეს ჭაბურღილი და შემდეგ გადაიხდიან თანხას”, – განაცხადა დავით ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ გორი მერიიდან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სასმელი წყალი გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში არ არის.