“ახლა ვიმყოფებით, სოფელ ნაკიეთთან, სადაც მდინარემ გზის ასმეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, თუმცა უკვე მოეწყო შემოვლითი გზა, რამაც საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 მონაკვეთია იდენტიფიცირებული, სადაც მთლიანად ჩაწყვეტილია გზა.
„12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმსვლელები უკვე მობილიზებულია, ასევე აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი ოპერატორები და შეზღუდული რელიეფიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ მოკლე პერიოდში მოხდეს მონაკვეთების აღდგენა. ჯერჯერობით, რთულია ზარალის ოდენობაზე საუბარი, პირველ რიგში, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სტიქიის ლიკვიდაცია, რასაც შემდგომში მოყვება აუცილებელი სამუშაოები. არსებული სურათიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაგვჭირდეს, საუბარია კიდევ 5 ერთეულ მძიმე ტექნიკაზე, რაც რეგიონში გაგვაჩნია. სტიქია ძალიან ძლიერია და ცუდია ის, რომ ეს არ ხდება ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, დაზიანებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთი და შესაბამისად, აღდგენასაც განსხვავებული დრო დასჭირდება,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში ჩატარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე ხელმღვანელობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.
ამ დროისათვის, მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.
პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.
უკვე დაწყებულია სტიქიის შედეგად, წყალმომარაგების სისტემაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც ადგილზე კოორდინაციას გაუწევს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია.
კომპანიის წარმომადგენლები მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.
არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.
პრემიერმინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.
რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.