კალაძე: წლის ბოლომდე ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის

463

წლის ბოლომდე გვეყოლება მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებს შეეხო და განაცხადა, რომ იგი ბოლო პერიოდში დიდი განხილვის საგნად იქცა. მერი მიესალმება საზოგადოების ჩართულობასა და ინტერესს, რადგან ეს ყველას ეხება. მისივე თქმით, რაც ქალაქში ხდება, ამის გაგრძელება შეუძლებელია.

დედაქალაქის მერის თქმით, ყოველწლიურად შემოყვანილი ახალი მანქანების რაოდენობა 5-7%-ით იზრდება. კალაძემ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე თბილისში ავტობუსების პარკი განახლდება.

„დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. წლის ბოლომდე გვეყოლება მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგნეს და ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ისმოდა: რა, ყვითელი ავტობუსებით ვიაროთ?! არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით. ივლით ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. თუმცა, არც ავტობუსებით სიარულია, სავალდებულო. ჩვენ, რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილებს არ და ვერ ავკრძალავთ“, – განაცხადა კალაძემ.