1 მლნ თბილისში კონცერტებისთვის – რაში დაიხარჯება კულტურის სფეროსთვის გაზრდილი ბიუჯეტი?

886

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან კულტურის სფეროს დაფინანსება იზრდება. მერის მოადგილე ანდრია ბასილაია bm.ge-ისთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით 3.5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, დაკორექტირებული ბიუჯეტით კი კულტურის სფეროს 5 მილიონმადე ლარი მოხმარდება 2020 წლის ბოლომდე. მიზეზი კორონავირუსია და სფეროს წარმომადგენლების დახმარებას მერია ამ გზით ცდილობს.

აღნიშნული თანხიდან ნაწილი, 1 მილიონი ლარი, პროექტს – “შემოქმედებითი თბილისი” მოხმარდება.

“ჯამში, კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდილი ბიუჯეტი იქნება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარი, რომელიც 2020-ში გაიცემა კულტურულ პროექტებზე. ეს თანხა გაიცემა 2 მიმართულებით – თავისუფალი განცხადებები, რომლებსაც უკვე აქტიურად ვაფინანსებთ და ქალაქში ფაქტობრივად, არცერთი კულტურული ღონისძიება არ ტარდება ჩვენი დაფინანსების ან დახმარების გარეშე.

მეორე იქნება კონკურსი – “შემოქმედებითი თბილისი”, რომელიც მალე დაანონსდება; დაახლოებით, 1 მილიონი იქნება გამოყოფილი ამ მიმართულებით, ამ კონკურსში დავაფინანსებთ ბევრ მიმართულებას, გარდა კინოგადაღებისა, რადგან ეს ძვირია”, – აცხადებს ანდრია ბასილაია.

ამის მიღმა, ასევე, იგეგმება თბილისის უბნებში სცენების დამონტაჟება და სხვადასხვა არტისტის უფასო კონცერტების ჩატარება. თანხა ისევ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

“ახლა ვიწყებთ კიდევ ერთ პროგრამას, როცა თბილისის სხვადასხვა უბანში განვათავსებთ სცენას და მივცემთ შესაძლებლობას არტისტებს, რომლებიც, ასევე, ძალიან დაზარალდნენ, გამართონ კონცერტები, წარმოდგენები, მათ შორის – თეატრალური. ბილეთები არ გაიყიდება, სრულად ჩვენ მიერ იქნება დაფინანსებული, არტისტები მიიღებენ ჰონორარს, ადამიანები შეძლებენ სრულიად უფასოდ მოისმინონ კონცერტი”, – აცხადებს ანდრია ბასილაია.

ცნობისთვის, 15 ივლიის დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება.

„თბილისის მერიამ კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან და ერთ-ერთი მიმართულება არის კულტრურის სფერო, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება,”- განაცხადა კალაძემ.