გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

588

კომპანია “ელემენტ კონსტრაქშენი“ კახეთში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. მშენებლობა შპს “აგროლაინის“ დაკვეთით კახეთში, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

პროექტის ფარგლებში კომპანია 5.4 მლნ ლარის ინვესტიციით საწარმოს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში აამოქმედებს.

“ელემენტ კონსტრაქშენის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენებული ქარხანა პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს. სამუშაოები საწარმოო პროცესისთვის აუცილებელი მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

,,ქარხანა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კახეთში აგროსექტორის განვითარებას. ნედლეულს ,,აგროლაინი“ ადგილობრივი ფერმერებისგანაც მიიღებს. კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წელს – 500-ს, 2022 წელს – 1000-ს, 2023 წელს კი საწარმოს წარმადობა 1500 ტონას გადააჭარბებს. “აგროლაინს“ 2014 წლიდან დიდი როლი შეაქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.

კომპანიის საქმიანობა კაკლის ბაღების განაშენიანება-მოვლას მოიცავს, რასაც მიმდინარე წლიდან კაკლის გადამამუშავებელი საწარმოც დაემატება”,– აცხადებენ კომპანიაში.