მთაწმინდის რაიონში, ქუჩიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
თბილისის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა 2 450 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
მისი განცხადებით, მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
„ამჯერად, დავასრულეთ ქუჩიშვილის ქუჩა. ასევე, ვერაზე რეაბილიტირდა ნიკოლაძის ქუჩაც. აღნიშნულ ქუჩებზე ბოლო ათწლეულებია გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან იყო დაზიანებული, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. დღეიდან მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.