ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის 4 ნომერში 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი შენდება. ბაღის მშენებლობას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჩაუყარა საფუძველი.
ახალი შენობა მოქმედი 56-ე ბაღის ეზოში განთავსდება. ეზოს ტერიტორიული ფართობიდან გამომდინარე, რომელიც 7000 კვადრატული მეტრია, ბაღების მართვის სააგენტომ იქ ახალი ბაღის მშენებლობის გადაწყეტილება მიიღო.
სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.
„დაიწყო კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და გურამიშვილის გამზირზე მცხოვრებლებს მოემსახურება. იმის გამო, რომ, აქვე, ეზოში არსებულ 56-ე ბაღზე მოთხოვნა საკმაოდ დიდიაა, ბაღი კი საკმარისი რაოდენობის ბავშვებს ვერ იტევდა, მის მომიჯნავედ დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა. ბაღის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და მივიღებთ ყველა იმ ბავშვს, რომელიც ელოდება ახალ ბაღს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება და ის იქნება მესამე ახალი ბაღი ნაძალადევის რაიონისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ბაღში ბაგის 2 და სამიდან ექვს წლამდე 6 ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
საბავშვო ბაღი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება და 300-მდე ბავშვს მიიღებს.
ღონისძიებაზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტის და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.