გორის მერი “ნაცმოძრაობას”: ასწლოვანი კი არა გამხმარი ხეები მოვჭერით

487

“ეს ხეები გზაზე გადაადგილებისას საფრთხეს წარმოადგენდა და ამიტომ მოიჭრა”, – ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილინაცონალური მოძრაობის”მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხეების მოჭრის შესახებ.

“ეს ხეები იყო გამხმარი და საფრთხეს წარმოადგენდა, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა. შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურმა მიიღო ზომები. ოპოზიცია როგორც ყოველთვის, ავრცელებს ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხუთშაბათს, 23 ივლისს “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაბამის ფოტოსთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომ ერგნეთი-მეღვრეკისის გზაზე, მარადმწვანე ხეები მოიჭრა.

“ერგნეთი- მეღვრეკისის გზაგასაყარზე, გზის პირას ასწლოვან, მარად მწვანე ნაძვებს ჭრიან, რაზეც დუმს გორის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული მწვანე ზოლის გაჩეხვა წარმოადგენს სოფელ მეღვრეკისში, მერის წარმომადგენელთან დაახლოებული პირის ინტერესს”, – წერია განცხადებაში.