როდემდე შეძლებენ ჯიხურები პრესასასთან ერთად თამბაქო ან სხვა პროდუქცია გაყიდონ?

573

როდემდე შეძლებენ ჯიხურები პრესასასთან ერთად თამბაქო ან სხვა პროდუქცია გაყიდონ? – ამ თემაზე ბიზნეს მედია წერს.

“პრესის ჯიხურებისთვის ადგილები გამოიყოფა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ჯიხურებში „კოკა-კოლა და „სნიკერსი“ გაიყიდოს“, – ამის შესახებ 22 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და თავის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, გამოიყოს სპეციალური ადგილები, სადაც დაიდგმევა ჯიხურები, რომლებშიც მხოლოდ პრესა გაიყიდება.

კალაძის განცხადებამ სექტორში საკმაოდ ბევრი კითხვა გამოიწვია. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ ზოგადად პოლიტიკა იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენნტრალურ უბნებში ჯიხურები არ უნდა იყოს განთავსებული, სწორია, თუმცა მერის განცხადება ძირითადად ეხებოდა მხოლოდ პრესის გავრცელების ჯიხურებს.

„ცვლილება შევა ბეჭდური პრესის გამავრცელებელ ჯიხურებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს, რომ გარკვეულ ადგილებზე განთავსდება პავილიონები ჯიხურების, სადაც მხოლოდ პრესა გავრცელდება. რაც შეეხება ლოკაციებს, სიახლე იქნება ახალი ადგილების გამოყოფის თვალსაზრისით, ხოლო ძველ ლოკაციებს რაც შეეხება, შესაძლოა ზოგიერთი გაუქმდეს, ზოგგან მხოლოდ პრესის გაყიდვა გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Bm.ge დაინტერესდა თუ რა ელის იმ ჯიხურებს, რომლებიც ახლა პრესასთან ერთად კალაძის მიერ ე.წ. აკრძალულ პროდუქტებს შეეხება და როგორ დარეგულირდება ახალი ჯიხურების საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ მერიას იჯარით გააქვს ლოტი, რომელსაც კონკრეტული ადამიანი ქირაობს გარკვეული ვადით, თუმცა პროდუქციის გაყიდვაში თავისუფალია:

„გამოვიდა დადგენილება, რომლის თანახმადაც, იმ ადგილებში, სადაც დასაშვები იქნება ჯიხურის დადგმა, ამ ჯიხურში შესაძლებელი იქნება მხოლოდ პრესის განთავსება. ანუ, იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ზოგადად, ქალაქის კონცეფციის თანახმად, აკრძალულია ჯიხურის დადგმა, თუმცა დაშვებულია პრესის ჯიხურის განთავსება, მოიჯარეს არ ექნება უფლება, იქ დადგმულ ჯიხურში რამე სხვა გაყიდოს, ხოლო სხვა ადგილებში, სადაც ეს შეზღუდვა არ იქნება, ყველა მსურველს ექნება ტერიტორიის იჯარით აღება და სხვა ჯიხურის განთავსება“, – ამბობენ ქონების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება მათ, ვისაც უკვე იჯარით აქვთ აღებული ტერიტორია და იქ პრესასთან ერთად სხვა რამესაც ყიდიან, როგორც ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, მათ ეს ტერიტორიები კონკრეტული ვადებით აქვთ აღებული და როცა მათი ხელშეკრულების ვადა გავა, იმ კონკეტული ტერიტორიის საკითხი თავიდან იქნება განხილული, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მათ არაფერი ეხებათ.