თბილისის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს შეიმუშავებს, რომელიც მერიის შესაბამის სამსახურებთან იქნება შეთანხმებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად კონკრეტული ადგილები გამოიყოფა.
„ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციით ვაჭრობენ. იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩვენი ქალაქის ურბანისტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და აუქციონის გამოცხადება დაავალა.
„მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, აუქციონის გამოსაცხადებლად მზადება დაიწყოთ და ამ მიმართულების განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსგავს ჯიხურებს მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მუშაობა მოუწევთ. დაამუშავეთ, განსაზღვრეთ კონკრეტული ადგილები და აუქციონი გამოაცხადეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.