გორში, მე -9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 136 498 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულ ტენდერს ახლავს თან, ვკითხულობთ, რომ შენობაში მოხდება ძველი კედლების დემონტაჟი.
“დემონტაჟის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულია: ბლოკის კედლების მონგრევა, კედლებიდან ნალესის მოხსნა, კედლებიდან კერამიკული ფილების დემონტაჟი, ელექტროქსელის სრული დემონტაჟი, მეტლახის იატაკის დემონტაჯი, ლამინირებული პარკეტის იატაკის დემონტაჟი, ანაკრების საფეხურების დემონტაჟი, კარის ბლოკის დემონტაჟი, მოზაიკური იატაკის დემონტაჟი, შენობის გასუფთავება სამშენებლო ნაგვისაგან, დატვირთვა ავტოთვითმცლელზე და გატანა 5 კმ-ზე”, – წერია დოკუმენტში.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. პროექტის მიხედვით, მოხდება კედლების შელესვა -შეღებვა, სრულად გამოიცვლება გაყვანილობები და კარ-ფანჯრები.
ინფორმაციისთვის, მე-9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა, პირველ შემთხვევაში ტენდერი შეწყდა, ამის მიზეზად კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები დასახელდა.